ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ე.წ კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გლდანში მელიას შტაბის დაწვა "ან თავიანთი დაგეგმილია, ან არ არის გამორიცხული, რომ გამწარებულმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული".
ნიკა მელიას თქმით, ძმები შუკაკიძეები რეჟიმის წარმომადგენლები არიან:
"პრესკონფერენციას აწყობინებენ კანონიერ ქურდს და ბრალდებით გამოდის, რომ მე კი არ დამიწვიაო, იქნებ გამაწყენებული იყო მოქალაქე და მან დაწვაო.
წარმოგიდგენიათ, რა ტიპის სახელმწიფო ჩამოაყალიბა ოლიგარქიულმა რეჟიმმა?!
კანონიერი ქურდი ატარებს პრესკონფერენციას და აპირებს, სარჩელის შეტანას პროკურატურაში, თუ სასამართლოში. არანაირი კანონიერი ქურდებიც არ არიან, სინამდვილეში არიან რეჟიმის წარმომადგენლები",-თქვა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, სწორედ ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია მისი შტაბის გადაწვის საქმეში.
მელია ამბობს, რომ შუკაკიძე ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან და მმართველი გუნდის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან კობიაშვილთან დაახლოებული პირია, ხოლო მისი ძმა, ლევან შუკაკიძე, პოლიტიკოსის თქმით, მის შტაბთან ახლოს ცხოვრობს.
ნიკა მელიას განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი. მან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებას "ცილისწამება" უწოდა და თქვა, რომ სამართალდამცავი უწყებები "აუცილებლად დაადგენენ", ვის ინტერესში იყო შტაბში გაჩენილი ხანძარი
ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა 16 ნოემბერს მოხდა. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.